მომსახურების პირობები

ბოლო განახლება: 2026 წლის 2 ოქტომბერი

წინამდებარე პირობები არეგულირებს AuraHR-ის პლატფორმით სარგებლობას იმ კომპანიების მიერ, რომლებიც ატარებენ კანდიდატთა შერჩევასა და გასაუბრებებს. ანგარიშის შექმნით თქვენ ადასტურებთ ამ პირობებზე თანხმობას თქვენი კომპანიის სახელით.

ვინ ვართ ჩვენ

AuraHR, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 24 („AuraHR“, „ჩვენ“) წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებელს. „თქვენ“ ნიშნავს კომპანიას ან სხვა ორგანიზაციას, რომელიც ხსნის ანგარიშს, აგრეთვე მის მიერ უფლებამოსილ მომხმარებლებს. საკონტაქტო ელფოსტა: hello@aurahr.ge.

თქვენი ანგარიში და წვდომის უსაფრთხოება

პირი, რომელიც ქმნის ანგარიშს, ადასტურებს, რომ გააჩნია სათანადო უფლებამოსილება კომპანიის სახელით დაეთანხმოს წინამდებარე პირობებს.

თქვენ თავად განსაზღვრავთ, ვის ექნება წვდომა თქვენს სამუშაო სივრცეზე და რა როლი მიენიჭება მას, და სრულად აგებთ პასუხს მათ ქმედებებზე. თუ ეჭვობთ, რომ თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა განხორციელდა, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.

უსაფრთხოდ შეინახეთ ანგარიშზე წვდომის მონაცემები. AuraHR არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წვდომის უსაფრთხოების დაუცველობის გამო თქვენი ანგარიშის მესამე პირის მიერ გამოყენებამ გამოიწვია.

სერვისის დანიშნულება და ფუნქციონალი

AuraHR საშუალებას გაძლევთ გამოაქვეყნოთ ვაკანსიები, მიიღოთ განაცხადები, შეაფასოთ CV-ები თქვენ მიერ განსაზღვრული მოთხოვნებით და ჩაატაროთ ხმოვანი ან ჩაწერილი გასაუბრებები, რომლებსაც AI ინტერვიუერი უძღვება. პლატფორმა ქმნის ტრანსკრიპტებს, ქულებსა და შეჯამებებს კანდიდატების განხილვის გასამარტივებლად.

პლატფორმის მიერ გენერირებული შედეგები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას. ისინი შესაძლოა იყოს არასრული ან უზუსტო. კანდიდატთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებას იღებს თქვენი კომპანიის წარმომადგენელი შედეგების დამოუკიდებლად განხილვის შემდეგ.

AuraHR არ გასცემს იურიდიულ ან HR კონსულტაციას და არ წარმოადგენს თქვენსა და კანდიდატს შორის ურთიერთობის მხარეს. ჩვენ არ ვამოწმებთ თქვენ მიერ მითითებული ვაკანსიების, კითხვებისა თუ კანდიდატთა მონაცემების სისწორესა და კანონიერებას.

თქვენი ვალდებულებები

თქვენ იღებთ ვალდებულებას:

  • გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ რეალური ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის შრომისა და ანტიდისკრიმინაციული ნორმების სრული დაცვით;
  • გასაუბრების დაწყებამდე აცნობოთ კანდიდატს, რომ გასაუბრებას AI უძღვება, პროცესი იწერება და ფასდება, აგრეთვე გქონდეთ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების სათანადო სამართლებრივი საფუძველი;
  • შეიმუშაოთ აუდიო- და ვიდეოჩაწერისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი წერილობითი წესი (მიზანი, მოცულობა, ხანგრძლივობა, წვდომა, შენახვა და წაშლა/განადგურება). მოთხოვნის შემთხვევაში, AuraHR მოგაწვდით შესაბამის შაბლონს;
  • განსაზღვროთ მხოლოდ ისეთი კითხვები და კრიტერიუმები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამუშაოს და არ შეიცავს მოთხოვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე;
  • შესთავაზოთ გასაუბრების ალტერნატიული ფორმა იმ კანდიდატს, რომელიც ჩაწერაზე უარს აცხადებს;
  • არ მოიწვიოთ და არ ჩართოთ გასაუბრებაში 16 წლამდე ასაკის პირი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
  • უზრუნველყოთ, რომ გაგაჩნიათ პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების, CV-ებისა და კანდიდატთა მონაცემების გამოყენების სათანადო უფლებამოსილება.

კანდიდატების პერსონალური მონაცემები

თქვენი კანდიდატების პერსონალური მონაცემებისთვის თქვენ ხართ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ხოლო AuraHR − დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც თქვენი მითითებებით მოქმედებს. მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება (DPA) წინამდებარე პირობების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ ვიყენებთ ქვეკონტრაქტორებს (მომსახურების მიმწოდებლებს), რომლებიც ჩამოთვლილია „მომსახურების მიმწოდებლების“ გვერდზე. ამ პირობების მიღებით თქვენ ეთანხმებით ამ ჩამონათვალს. ახალი მიმწოდებლის დამატების შესახებ სულ მცირე 30 დღით ადრე შეგატყობინებთ.

თუ კანდიდატი ცალკე და ნებაყოფლობით განაცხადებს თანხმობას, AuraHR-მა შესაძლოა მისი გასაუბრების მონაცემები მეტყველების ამოცნობისა და შეფასების მოდელების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. მხოლოდ ამ კონკრეტული მიზნით AuraHR მოქმედებს როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი. კანდიდატის მიერ თანხმობის არმიცემა არ ახდენს გავლენას მისი განაცხადის განხილვაზე.

მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებამომსახურების მიმწოდებლები

აკრძალული ქმედებები

დაუშვებელია:

  • ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე სერვისის გადაყიდვა, გასხვისება ან თქვენი ორგანიზაციის მიღმა მესამე პირებისთვის მასზე წვდომის მინიჭება;
  • უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა, სერვისის ფუნქციონირების შეფერხება, დაზიანება ან გადატვირთვა;
  • სერვისის ან მისი შედეგების გამოყენება კონკურენტი პროდუქტის შექმნისა თუ განვითარებისთვის;
  • პლატფორმის კოდის კოპირება, დეკომპილაცია ან უკუინჟინერია (reverse engineering), აგრეთვე AuraHR-ის სახელწოდებისა და ლოგოს გამოყენება ჩვენი წერილობითი ნებართვის გარეშე;
  • უკანონო შინაარსის მასალების ან მავნე პროგრამული კოდის ატვირთვა;
  • კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ავტომატური დამუშავების შედეგებზე დაყრდნობით, ადამიანის მონაწილეობის გარეშე.

ტარიფები და ანგარიშსწორება

ფასიანი პაკეტები და ტარიფები მითითებულია ფასების გვერდზე ან თანხმდება წერილობით. მომსახურების საფასური თითოეული საანგარიშო პერიოდისთვის იხდება წინასწარ. უკვე დაწყებული პერიოდისთვის გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან როდესაც სერვისის მიწოდებას ჩვენ ვწყვეტთ უმიზეზოდ.

მომავალი პერიოდების ტარიფების ცვლილების უფლებას ვიტოვებთ, რის შესახებაც სულ მცირე 30 დღით ადრე შეგატყობინებთ.

თითოეულ პაკეტს გააჩნია განსაზღვრული ლიმიტები (მაგალითად, მომხმარებელთა, აქტიურ ვაკანსიათა ან გასაუბრებათა რაოდენობაზე) და სერვისი ფუნქციონირებს შერჩეული პაკეტის ლიმიტების ფარგლებში.

თუ მიიჩნევთ, რომ ინვოისი შეცდომას შეიცავს, გთხოვთ შეგვატყობინოთ მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. გადახდასთან დაკავშირებული საბანკო საკომისიო და კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები ეკისრება დამკვეთს.

გადახდის ვადის გადაცილებისას გამოგიგზავნით შეხსენებას. 10 დღის გასვლის შემდეგ ანგარიშზე წვდომა შესაძლოა შეჩერდეს დავალიანების სრულ დაფარვამდე; შეჩერება არ იწვევს თქვენი მონაცემების წაშლას. თუ შეჩერებიდან 30 დღის ვადაში გადახდა კვლავ არ განხორციელდება, AuraHR უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

ინტელექტუალური საკუთრება

პლატფორმა, მისი პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი, ალგორითმები და AI სისტემები წარმოადგენს AuraHR-ის ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას. ეს პირობები განიჭებთ მხოლოდ სერვისით სარგებლობის შეზღუდულ უფლებას ანგარიშის აქტიურობის პერიოდში.

თქვენი ვაკანსიები, კრიტერიუმები, შენიშვნები და კანდიდატთა მონაცემები რჩება თქვენს საკუთრებაში. ჩვენ მათ ვიყენებთ მხოლოდ თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით.

სერვისის ხელმისაწვდომობა

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უზრუნველვყოთ სერვისის უწყვეტი და დაცული ფუნქციონირება, თუმცა სერვისი მოწოდებულია პრინციპით „როგორც არის“ (as is) და არ ვიძლევით გარანტიას, რომ ის შეფერხებებისა და ხარვეზების გარეშე იმუშავებს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევცვალოთ ან გავაუქმოთ ცალკეული ფუნქციონალი; თუ ცვლილება არსებითად ზღუდავს ფასიან პაკეტს, ამის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, სერვისთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე AuraHR-ის ჯამური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მოთხოვნის წარმოშობამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადეთ.

AuraHR არ აგებს პასუხს მიუღებელ შემოსავალზე, ბიზნესშესაძლებლობის დაკარგვასა თუ სხვა ირიბ ან არაპირდაპირ ზიანზე, აგრეთვე თქვენ მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე.

თქვენ იღებთ ვალდებულებას აუნაზღაუროთ AuraHR-ს მესამე პირების (მათ შორის კანდიდატების) მოთხოვნებით გამოწვეული ზიანი და საპასუხო სამართლებრივი ხარჯები, თუ აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს თქვენ მიერ განთავსებული მასალებიდან, თქვენი მითითებებიდან ან თქვენ მიერ ამ პირობებისა თუ კანონმდებლობის დარღვევიდან.

წინამდებარე პირობები არ ზღუდავს პასუხისმგებლობას განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც პასუხისმგებლობის შეზღუდვა კანონით დაუშვებელია.

დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)

არცერთი მხარე არ აგებს პასუხს ვალდებულების შეუსრულებლობაზე ან არაჯეროვან შესრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი, დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი), როგორიცაა სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოთა აქტები, ელექტროენერგიის ან გლობალური ინტერნეტქსელის მასშტაბური გათიშვა. მხარე, რომელსაც შეექმნა ასეთი გარემოება, მეორე მხარეს დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწევს ფორს-მაჟორული ვითარების ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული არ ათავისუფლებს მხარეს უკვე წარმოშობილი ფინანსური გადახდის ვალდებულებისგან.

ხელშეკრულების შეწყვეტა

სერვისით სარგებლობის შეწყვეტა და ანგარიშის დახურვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ანგარიში, რომელიც ამ პირობებს არღვევს, შეიძლება შევაჩეროთ ან დავხუროთ; თუ დარღვევის გამოსწორება შესაძლებელია, ჯერ გაგაფრთხილებთ.

ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე კანდიდატთა პერსონალური მონაცემები ბრუნდება ან იშლება მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულების (DPA) შესაბამისად.

პირობების განახლება

ჩვენ შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ეს პირობები. არსებითი ცვლილების შესახებ ანგარიშის მფლობელებს ელფოსტით ვაცნობებთ ცვლილების ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სერვისით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს განახლებულ პირობებზე თქვენს სრულ თანხმობას.

შეტყობინებები

შეტყობინებებს ვაგზავნით ანგარიშზე მითითებული ადმინისტრატორის ელფოსტის მისამართზე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს. ჩვენთვის განკუთვნილი შეტყობინებები უნდა გამოიგზავნოს ელფოსტაზე: hello@aurahr.ge.

გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

დასკვნითი დებულებები

ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ პირობებით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების მესამე პირისთვის გადაცემა.

თუ რომელიმე მხარე არ გამოიყენებს ამ პირობებით მინიჭებულ უფლებას, ეს არ ნიშნავს აღნიშნულ უფლებაზე უარის თქმას. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება ცნობილ იქნა ბათილად, დანარჩენი დებულებები სრულად ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

ეს პირობები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.