მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება

ბოლო განახლება: 2026 წლის 2 ოქტომბერი

ეს ხელშეკრულება AuraHR-ის მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილია. იგი განსაზღვრავს, როგორ ამუშავებს AuraHR პერსონალურ მონაცემებს დამკვეთის სახელით, როგორც ამას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი მოითხოვს.

მხარეთა როლები და სტატუსი

დამკვეთი წარმოადგენს თავისი კანდიდატების პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს. AuraHR წარმოადგენს დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს და ამ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ დამკვეთისთვის და მისი წერილობითი მითითებების შესაბამისად. დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მომსახურების პირობები და წინამდებარე ხელშეკრულება.

დამუშავების საგანი და მოცულობა

  • მიზანი: ვაკანსიების გამოქვეყნება, განაცხადების მიღება, CV-ების შეფასება, გასაუბრების ჩატარება და შეფასება, შედეგების დამკვეთისთვის წარდგენა;
  • მონაცემთა სუბიექტები: პირები, რომლებიც აგზავნიან განაცხადს დამკვეთის ვაკანსიაზე ან რომლებსაც დამკვეთი იწვევს გასაუბრებაზე;
  • მონაცემთა კატეგორიები: სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი/კოდი; CV და მისგან ამოღებული ტექსტი; გასაუბრების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ტრანსკრიპტები; დამკვეთის მიერ ჩართვის შემთხვევაში — გაზიარებული ეკრანის სტატიკური კადრები, ვებკამერის ფოტოები და გასაუბრების ჩანართის დატოვების შემთხვევები; AI-ის შეფასებები და დამკვეთის შენიშვნები; ტექნიკური მონაცემები მოწყობილობის შემოწმებისა და კავშირის შესახებ;
  • ხანგრძლივობა: დამკვეთის მიერ სერვისით სარგებლობის პერიოდი მონაცემების სრულ წაშლამდე, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მითითებები და ინსტრუქციები

AuraHR პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ მომსახურების პირობების, წინამდებარე ხელშეკრულების, პროდუქტში დამკვეთის მიერ განსაზღვრული პარამეტრებისა და მისი წერილობითი მითითებების საფუძველზე. თუ AuraHR მიიჩნევს, რომ დამკვეთის მითითება ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობას, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს დამკვეთს და უფლებამოსილია შეაჩეროს აღნიშნული მითითების შესრულება დაზუსტებამდე. AuraHR არ იყენებს მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატი ნებაყოფლობით აცხადებს ცალკე თანხმობას AI სისტემების გაუმჯობესებაზე.

დამკვეთის გარანტიები და ვალდებულებები

დამკვეთი უზრუნველყოფს, რომ დამუშავებას გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, აწვდის კანდიდატებს კანონით მოთხოვნილ ინფორმაციას, გააჩნია აუდიო- და ვიდეოჩაწერისთვის სავალდებულო წერილობითი წესი და იყენებს მონიტორინგის მხოლოდ იმ ფუნქციებს, რომლებიც ობიექტურად აუცილებელია შერჩევის პროცესისთვის.

კონფიდენციალურობა

AuraHR-ის ყველა თანამშრომელი და კონტრაქტორი, რომელსაც ხელი მიუწვდება პერსონალურ მონაცემებზე, შეზღუდულია კონფიდენციალურობის მკაცრი წერილობითი ვალდებულებით, რომელიც ძალაში რჩება შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგაც.

ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები

AuraHR უზრუნველყოფს „უსაფრთხოების“ გვერდზე აღწერილ დაცვის ზომებს, მათ შორის დაშიფრულ მონაცემთა გადაცემას (TLS), აუდიო/ვიდეო ჩანაწერებისა და სარეზერვო ასლების დაშიფრულ შენახვას, დამკვეთთა მონაცემების ლოგიკურ იზოლაციას მონაცემთა ბაზაში, თანამშრომელთა მკაცრად შეზღუდულ წვდომას და ქმედებათა უწყვეტ ჟურნალირებას (logging). ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე AuraHR არ შეამცირებს უსაფრთხოების ამ დონეს.

AuraHR აღრიცხავს პერსონალურ მონაცემებზე შესრულებულ ყველა ძირითად ოპერაციას, მათ შორის წვდომას, ცვლილებას, გადაცემასა და წაშლას.

უსაფრთხოება

სხვა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები (ქვეკონტრაქტორები)

მომსახურების პირობებზე დათანხმებით დამკვეთი წერილობით ეთანხმება „მომსახურების მიმწოდებლების“ გვერდზე ჩამოთვლილ ქვეკონტრაქტორებს. ახალი ქვეკონტრაქტორის დამატებამდე ან შეცვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე AuraHR დამკვეთს ელფოსტით გაუგზავნის შეტყობინებას. თუ დამკვეთი დასაბუთებულ პრეტენზიას გამოთქვამს და მხარეები ვერ შეთანხმდებიან, დამკვეთს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება ცვლილების ამოქმედებამდე და დაიბრუნოს დარჩენილი პერიოდის წინასწარ გადახდილი საფასური.

AuraHR თითოეულ ქვეკონტრაქტორს ხელშეკრულებით აკისრებს არანაკლებ მკაცრ ვალდებულებებს, ვიდრე წინამდებარე დოკუმენტით არის გათვალისწინებული, და სრულად აგებს პასუხს მათ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.

მომსახურების მიმწოდებლები

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

მონაცემთა ძირითადი ბაზა ინახება ევროკავშირში. თუ ქვეკონტრაქტორი მონაცემებს ამუშავებს სხვა ქვეყანაში, ეს ქვეყანა მითითებულია „მომსახურების მიმწოდებლების“ გვერდზე. მომსახურების პირობების მიღებით დამკვეთი იძლევა თანხმობას აღნიშნულ გადაცემებზე. გადაცემა ხორციელდება მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლით დაშვებული საფუძვლებით; AuraHR იღებს მონაცემთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომას, ხოლო ქვეკონტრაქტორს უფლება აქვს მონაცემები შემდგომ გადასცეს მხოლოდ იმავე მიზნითა და უსაფრთხოების იმავე გარანტიებით.

კანდიდატების მოთხოვნები

თუ კანდიდატი თავის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნით უშუალოდ AuraHR-ს მიმართავს, AuraHR მოთხოვნას 2 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის დამკვეთს და დაეხმარება მას კანონით დადგენილ ვადაში პასუხის გაცემაში. დამკვეთის მითითებით AuraHR უზრუნველყოფს კანდიდატის მონაცემების გაცნობას, გასწორებას, დაბლოკვას ან წაშლას.

ინციდენტების მართვა და შეტყობინება

დამკვეთის მონაცემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნებისმიერი ინციდენტის შესახებ AuraHR დამკვეთს აცნობებს ინციდენტის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ. შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას ინციდენტის ხასიათის, შესაბამისი მონაცემებისა და პირების სავარაუდო რაოდენობის, აგრეთვე მიღებული და დაგეგმილი ზომების შესახებ, რათა დამკვეთმა შეძლოს კანონით გათვალისწინებულ ვადაში (არაუგვიანეს 72 საათისა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის შეტყობინების წარდგენა.

მონაცემთა დაბრუნება და წაშლა

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კანდიდატის მონაცემები ავტომატურად იშლება მისი ბოლო აქტივობიდან 24 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო დამკვეთის მიერ ვაკანსიის წაშლის შემთხვევაში — რამდენიმე წუთში.

ხელშეკრულების შეწყვეტისას AuraHR წყვეტს მონაცემთა დამუშავებას, უზრუნველყოფს დამკვეთისთვის მისი ყველა მონაცემის დაბრუნებას/გადაცემას და შემდეგ შლის საკუთარ სისტემებში არსებულ ასლებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შენახვა პირდაპირ ევალება საქართველოს კანონმდებლობით. სარეზერვო ასლებში მონაცემები იშლება სარეზერვო კოპირების სტანდარტული ციკლის ამოწურვისთანავე და ისინი მიუწვდომელი ხდება ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.

თუ მხარეთა შორის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოიშობა დავა, AuraHR დაუყოვნებლივ წყვეტს დამუშავებას და მონაცემებს დამკვეთს გადასცემს.

AI მოდელების გაუმჯობესება

თუ კანდიდატმა განაცხადა ცალკე, ნებაყოფლობითი თანხმობა, AuraHR-მა შესაძლოა მისი გასაუბრების მონაცემები მეტყველების ამოცნობისა და შეფასების სისტემების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. ამ კონკრეტული მიზნით AuraHR მოქმედებს როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დაუყოვნებლივ წყვეტს დამუშავებას, თუ კანდიდატი თანხმობას გამოიხმობს.

დამუშავების აღრიცხვა

AuraHR აწარმოებს დამუშავების ოპერაციათა აღრიცხვის რეესტრს, რომელსაც კანონის 28-ე მუხლი დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს ავალებს, და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

აუდიტი და შემოწმება

AuraHR დამკვეთს აწვდის ყველა გონივრულ ინფორმაციას, რაც საჭიროა წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. თუ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, დამკვეთს უფლება აქვს წელიწადში ერთხელ ჩაატაროს შემოწმება/აუდიტი, სულ მცირე 30 დღით ადრე წერილობითი გაფრთხილებით, სამუშაო საათებში და იმგვარად, რომ არ დაირღვეს სხვა კლიენტების მონაცემთა კონფიდენციალურობა.

პასუხისმგებლობა და დავები

წინამდებარე ხელშეკრულებაზე ვრცელდება AuraHR-ის მომსახურების პირობებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შეზღუდვის, გამოსაყენებელი სამართლისა და დავების გადაწყვეტის დებულებები.